четверг, 29 мая 2014 г.

საგარეო ვალი - რამდენად საგანგაშოა ვითარება

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა 2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით 13.362 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს ვალი (ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ჩათვლით) 4.728 მილიარდი დოლარია, ხოლო დარჩენილი 8.634 მილიარდი კორპორატიული სექტორის საგარეო ვალია. აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან დღემდე საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 3.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო, უშუალოდ კორპორატიული სექტორის საგარეო ვალის ზრდის ტემპმა 418% შეადგინა, ანუ გაოთხმაგდა.

კორპორატიული სექტორის საგარეო ვალი არარეზიდენტი კომპანიების ან ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ადგილობრივი კომპანიების დავალიანების ჯამია. საგარეო ვალის მოცულობა და მისი შეფარდება სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებთან ქვეყნის ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. კერძო სექტორის მთლიანი ვალდებულებების მნიშვნელობის გაგების გამარტივებისთვის, მისი არსი შეგვიძლია განვიხილოთ მიკროდონეზე, კომპანიის მაგალითზე - როდესაც კომპანიის დავალიანება იზრდება, მისი ფინანსური მდგრადობა მცირდება, ხოლო თუ ტენდენცია ვალდებულებების მკვეთრ ზრდაზე მიანიშნებს, კომპანიის გაკოტრების რისკიც იზრდება.

ამდენად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს ის 8.6 მილიარდი დოლარი, რომელიც ქართული კორპორატიული სექტორის საგარეო ვალია - ბევრია ეს თუ ცოტა? რამდენად მძიმე ტვირთია ეს ეკონომიკისთვის? როგორია კერძო სექტორის საგარეო ვალის დარგობრივი სტრუქტურა? როგორია საგარეო ვალის ზრდის ტემპი? როგორია სხვა ეკონომიკური პარამეტრების ზრდის ტემპი? როგორია თანაფარდობა კერძო საგარეო ვალის მოცულობასა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის? და ა.შ.

ადგილობრივი კორპორატიული სექტორის დავალება არარეზიდენტების მიმართ 8.6 მილიარდ დილარს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილის გრძელვადიანი ვალდებულებებია. ეს გარკვეულ სტაბილურობის ელემენტს აჩენს და კორპორატიულ სექტორს მუშაობის „ცაიტნოტურ“ რეჟიმში არ აგდებს, თუმცა, ვალდებულებების რეალური ტვირთის შესაფასებლად სხვა მაჩვენებლებიც უნდა გავაანალიზოთ.
კორპორატიული სექტორის მთლიანი საგარეო ვალის 29%, ანუ 2.5 მილიარდი დოლარი საბანკო სექტორის დავალიანებაა. 



არსებული ბოლო სტატისტიკით, საბანკო სფეროს დავალიანება არარეზიდენტი სუბიექტების მიმართ სექტორის მთლიანი აქტივების  17%-ს აჭარბებს.


როგორც ზემოთ აღინიშნა, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 2006 წლიდან დღემდე 3.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო კერძო სექტორის ვალის ზრდის ტემპმა კი 400%-ს გადააჭარბა. საინტერესოა სტატისტიკა წლების მიხედვით:



როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით მშპ საბაზრო ფასებში გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ, ექსპორტი 2006 წელთან შედარებით 2,6-ჯერ, მთლიანი საგარეო ვალი - 3,2-ჯერ, ხოლო კორპორატიული სექტორის საგარეო ვალი კი - 3,3-ჯერ. ამდენად, როგორც კერძო, ისე სახლემწიფო სექტორის არარეზიდენტების მიმართ ვალდებულებების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატებოდა როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის, ისე ექსპორტის ზრდის ტემპებს. ანუ ეკონომიკა ყოველწლიურად ხდებოდა ვალებით უფრო და უფრო დატვირთული.

შესაბამისად იცვლებოდა კორპორატიული სექტორის საგარეო ვალის თანაფარდობა ექსპორტთან და მთლიან შიდა პროდუქტთან:


კერძო სექტორის მთლიანი საგარეო ვალი 2012 წლის მდგომარეობით 8.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც 2012 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (15.8 მლრდ. დოლარი) 53.7%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის, თუმცა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, თანაფარდობა საკმაოდ მაღალი გამოდის. ექსპორტთან თანაფარდობის გამოყვანა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშია გამოსახული, ანუ მისი დაბრუნება უცხოური ვალუტით უნდა მოხდეს, ექსპორტი კი სწორედ უცხოური ვალუტის აკუმულირების წყაროა. 2012 წელს ქვეყნის ექსპორტის ჯამურმა მაჩვენებელმა 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, შესაბამისად კორპორატიული სექტორის საგარეო ვალი ექსპორტის ღირებულების 354%-ია, ანუ 3.5-ჯერ აღემატება.

თუმცა, ერთი ქვეყნის მაგალითის განხილვა რეალური სიტუაციის შესაფასებლად არასაკმარისია. ამდენად, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პრაქტიკის განხილვა:


ინფორმაცია და სტატისტიკა ამ მხრივ უხვად არსებობს, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით კორპორატიულ სექტორზე გაცემული საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან საქართველოში არ არის მაღალი, უფრო მეტიც, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე რამდენჯერმე ნაკლებია. ცნობისთვის, 2012 წლის მდგომარეობით მსოფლიოში კორპორატიული სექტორის საგარეო ვალის საშუალო დონე მთლიანი შიდა პროდუქტის 132.6%-ია მაგრამ, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მსოფლიო ტენდენცია კლებადია, საქართველოში კი კერძო სექტორის ვალები ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება:



გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ საექსპორტო პონეტციალის გათვალისწინება, რომელიც, ფაქტობრივად, ქმნის საგარეო ვალის გასტუმრების ერთგვარ ფონდს. ამ მიმართულებით, კი ვითარება საკმაოდ არასახარბიელოა, საქართველოს 2012 წლის მდგომარეობით ქვეყნის მთლიანი ექსპორტი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 14.5%-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის სტატისტიკით 30%-ს აჭარბებს.

ამდენად, სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნით ოპტიმალურია საექპორტო პოტენციალის გათვალისწინება, რომელიც ქართული კორპორატიული სექტორის ვალის სიმძიმის შესაფასებლად უფრო ზუსტი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ის უპირატესობა, რომელიც სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს გააჩნია კორპორატიული სექტორის საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების თვალსაზრისით, აბსოლუტურად ბათილდება კერძო სექტორის ვალის ექსპორტთან თანაფარდობის მაჩვენებლით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში მწარმოებლურობის დონე საკმაოდ დაბალია და შესაბამისად ჩვენთან იქმნება იმაზე ნაკლები ექსპორტი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ეს შესაბამისი სტატისტიკითაც მოწმდება, რომელსაც მსოფლიო ბანკი გვთავაზობს:


იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, ანუ მთლიან აქტივებს და ვალდებულებებს შორის სხვაობა -16 მილიარდი დოლარია, ეს სტატისტიკა, აშკარად, დამაფიქრებელია. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საშუალო სტატისტიკურ ქართველს 3555 დოლარის ვალდებულება გააჩნია, მაშინ, როდესაც თითოეულ რუსს მოქალაქეზე 907 დოლარის აქტივი მოდის, თითოეულ ჩინელზე - 1300$, თითოეულ დანიელზე - 17300$, ბელგიელზე - 28500$, ნორვეგიელზე - 89000$, შვეიცარიელზე - 114200$, ხოლო სინგაპურელზე - 127000$. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საბანკო სექტორის მიერ მთლიან ეკონომიკაზე გაცემული ჯამური კრედიტების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარეშე)  2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით 9 მილიარდ ლარს, ანუ თითქმის 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, სიტუაცია კიდევ უფრო მეტ დაფიქრებას მოითხოვს.

ეკონომიკის დავალიენება საბანკო სექტორის მიმართ 2006 წლიდან 2012 წლამდე 3-ჯერ გაიზარდა  და 2012 წლის დეკემბრისთვის 8.7 მილიარდ ლარს მიაღწია. საინტერესოა, რომ საგარეო სექტორის კორპორატიული სექტორის შიდა ვალის ზრდის ტემპი ჩამორჩება საგარეო ვალის ზრდის ტემპს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქართულ კომპანიებს და მათ შორის ყველაზე მეტად ბანკებს, საგარეო რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაეზარდათ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, 2008 წლის შემდგომ დაწყებული უცხოური ინვესტიციების კლების ტენდენცია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კრიზისმა და აგვისტოს საომარმა მოქმედებებმა განაპირობა. შედეგად, 2007 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2 მილიარდ დოლარიანი მაჩვენებელი, 2008 წელს 1,564 მილიარდამდე შემცირდა, 2009 წელს 658 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს ფსკერი შემდგომ წლებში დაიძლია და მეტ-ნაკლები მერყეობით, ინვესტიციებმა ზრდა დაიწყო: 2010 წელს 814 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, 2011 წელს - 1,117 მილიარდი, ხოლო 2012 წლის წინასწარი მონაცემებით უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 865 მილიონი დოლარი შეადგინა. ინვესტიციების მოცულობის განახევრება, იმ ფონზე, როდესაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებითი კაპიტალის საჭიროება კვლავ მაღალ დონეზე რჩებოდა, გახდა მიზეზი იმისა, რომ   ეკონომიკამ ძირითადად ნასესხები სახსრების ხარჯზე დაიწყო ზრდა და ქართული კომპანიების ეკონომიკური საქმიანობის გაფართოების ძირითად წყაროდ ნასესხები კაპიტალი იქცა. წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ნასესხები კაპიტალის გამოყენებაში არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ნასესხებ და საკუთარ კაპიტალს შორის ოპტიმალური თანაფარდობის დაჭერა, თორემ ყველას კარგად ახსოვს, არცთუ შორეული წარსულიდან, კომპანიების კაპიტალში ნასესხები კაპიტალის სიჭარბემ რა ვითარება შექმნა აშშ-ში და შემდგომ მთელ მსოფლიოში.

ამდენად, კორპორატიული სექტორის ვალდებულებების ზრდის ტემპი და მისი შედარება სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებთან არ არის სახარბიელო, თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს სესხები წარმატებულ ინვესტიციებად გადაიქცევა და ქართული კორპორატიული სექტორისთვის იქნება ზრდის ხელშემწყობი და არა შემაფერხებელი ფაქტორი. იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის შიგნით საკრედიტო რესურსი ძვირია, ადგილობრივი ეკონომიკური აგენტები უცხოურ ბაზარზე უფრო იაფი სახსრების მოძიებას ცდილობენ, შესაბამისად თუ ეკონომიკაში ფულის დეფიციტი არ აღმოიფხვა (საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა მთლიანი შიდა პროდუქტის 27%-ია, მაშინ, როდესაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 100%-მდე ადის), დიდი ალბათობით, კორპორატიული სექტორის საგარეო ვალის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება, რითაც ეკონომიკის დამოკიდებულების ხარისხი არარეზიდენტებზე გაიზრდება.  



Комментариев нет:

Отправить комментарий