четверг, 29 мая 2014 г.

მიკროსაფინანსო სექტორის წარმატების საიდუმლო

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქართულ საფინანსო სივრცეში 2006 წელს გამოჩნდა, როცა 2006 წლის 18 ივლისმიღებული იქნა კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“. დღეისათვის მათი რაოდენობა უკვე 63 ერთეულს აღწევს, სექტორში 2013 წლის II კვარტლის მდგომარეობით  3239 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სერვისცენტრების და ფილიალების რაოდენობა 255-ია. მიკროსაფინანსო სექტორის მიერ მიმდინარე წლის II კვარტლის მდგომარეობით გაცემულია 318 887 სესხი, რომლის ჯამური მოცულობა  611 190 963 ლარი, სექტორის მთლიანი აქტივების მოცულობა 808 465 654 ლარია, ხოლო ჯამური კაპიტალი 204 339 452 ლარი.
2013 წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ჯამში 32 261 544 მილიონი ლარი მიიღეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი ფინანსური სისტემის მთლიან აქტივებში 4%-ია (სადაღვევო სექტორის წილი 3%).

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი ბაზა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ძირითადად მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ე.წ. „სტარტაპების“ დაფინანსების წყაროდ მიიჩნევა. საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების (მისო) საქმიანობა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონით რეგულირდება. კანონის მიხედვით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას ეროვნული ბანკის ზედამხედველობით. ამდენად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის არეალი შემოსაზღვრულია და მათ მხოლოდ კანონით დადგენილი საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ, ამ საქმიანობებს კი მიეკუთვნება: იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების გაცემა; ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში; ფულადი გზავნილების განხორციელება; სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება; მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;  სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ აღემატება ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს. გარდა ამისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციების განხორციელების უფლება, მათ შორის, მიკროლიზინგის, ფაქტორინგის, ვალუტის გადაცვლის, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვების, რეალიზაციი, გამოსყიდვის და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების.

მთავარი ნიშნები და კრიტერიუმები, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საბანკო დაწესებულებისგან განასხვავებს არის დეპოზიტების მიღების უფლება და ერთ მსესხებელზე გაცემული სესხის დაშვებული ლიმიტი. მოქმედი კანონმდებლობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან, ხოლო მის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 (ორმოცდაათი ათას) ლარს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შექმნა შეუძლია ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის წესის მიხედვით. მისო-ს რეგისტრაციისთვის აუცილებელია 2 მთავარი პირობა, პირველი - ფულადი სახით განაღდებული საწესდებო კაპიტალი იყოს არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი და მეორე, დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, კერძოდ, იგი პარალელურად არ უნდა იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი; წარსულში ჩადენილი არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკური დანაშაული და არ უნდა გააჩნდეს საკრედიტო დაწესებულების მიმართ შეუსრულებული ვალდებულებები. გარდა ამისა, პირი ვერ გახდება მისო-ს დირექტორი  თუ წარსულში იყო კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადახდისუუნარო გახდა.

სექტორი ციფრებში
მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია, 2008 წელსაც კი, როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რასაც მსოფლიოს ფინანსური კრიზისიც დაემატა, მიკროსაფინანსო სექტორის აქტივები 2007 წელთან შედარებით 100%-ით გაიზარდა, ხოლო გაუნაწილებელი მოგება თითქმის 8-ჯერ.

როგორც აღინიშნა, მიკროსაფინანსოების ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდნენ და მათი რაოდენობა 2013 წლის II კვარტლის მდოგომარეობით 63 ერთეულია. ორგანიზაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მათი ფინანსური მაჩვენებლებიც. კერძოდ, მთლიანი აქტივები 2012 წელს 2006 წელთან შედარებით გაიზარდა 261-ჯერ, წმინდა სესხები - 256-ჯერ, ხოლო წმინდა მოგება დაახლოებით 50-ჯერ:



ზრდა ფიქსირდება მიკროსაფინანსო სექტორის სხვა მაჩვენებლებშიც. კერძოდ, 2013 წლის პირველ მე-2 კვარტლის მდგომარეობით დარგში დასაქმებულია 3398 ადამიანი, რაც 774-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ხოლო ფილიალების და სერვისცენტრების რაოდენობა ბოლო 1 წელიწადში 80 ერთეულით გაიზარდა და 255-ს მიაღწია.

უახლესი სტატისტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს, საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორის მიერ ჯამში გაცემულია 611 190 963 მილიონი ლარის მოცულობის 318 887 ერთეული სესხი. მთლიანი სესხების 98.5%, ანუ დაახლოებით 602 მილიონი ლარი იდივიდუალური სესხებია, ჯგუფური სესხის სახით 5,4 მილიონი ლარია გაცემული, ხოლო იურიდიულ პირებზე 3,6 მლნ. ლარი, რაც მთლიანი პორტფელის 1%-ია. საბანკო სექტორის მსგავსად, მიკროსაფინანსოების შემთხვევაშიც დაკრედიტებისთვის მიმზიდველ სფეროდ ვაჭრობა და მომსახურება გვევლინება, თუმცა ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსოების მიერ ყველაზე უხვად დაფინანსებული დარგი სოფლის მეურნეობაა. საკრედიტო პორტფელის სტრუქტურა კი შემდეგია:



როგორც ვხედავთ, მიკროსაფინანსო სექტორი დინამიურად მზარდი სფეროა. ფაქტია, რომ ამ ბიზნესში სახსრების დაბანდება ინვესტორებისთვის მიმზიდველია, რადგან უკუგების ნორმა სხვა სექტორებთან შედარებით მაღალია. მაგალითად თუ ავიღებთ საბანკო სექტორს, ვნახავთ, რომ მიკროსაფინანსო სექტორში 2012 წლის მდგომარეობით აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი (ROA) 7.1-ია, მაშინ, როცა საბანკო სექტორში ეს მაჩვენებელი 1-ს შეადგენს. რაც შეეხება უკუგებას კაპიტალზე (ROE), საბანკო სექტორში ეს კოეფიციენტი 5,8-ს შეადგენს, ხოლო მიკროსაფინანსო სექტორში 28.2-ს.


სექტორის წარმატების საიდუმლო
გაანალიზებული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მიკროსაფინანსო სექტორი ლამის გეპმეტრიული პროგრესიით იზრდება. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას თავისი ობიექტური წინაპირობები გააჩნია. 2008 წელს განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად ექსპერტულ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ მიკროსაფინანსო სექტორის სწრაფი ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო კლიენტების დიდ ნაწილს საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მათთვის საკრედიტო რესურსის მოძიების ლამის ერთადერთ წყაროდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დარჩნენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სულ უფრო აქტიურად უწევენ კონკურენციას კომერციულ ბანკებს და იკავებენ საკრედიტო ბაზრის საკმაოდ მოზრდილ სეგმენტს. უფრო მეტიც, ამ სექტორში დიდი ოდენობით შემოდის უცხოური კაპიტალიც. ბევრი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უცხოური კაპიტალის მფლობელობაშია. უცხოურმა კაპიტალმა ამ სფეროში მოგების დიდი მარჟა დაინახა, სწორედ ამიტომ შემოდის უცხოური ინვესტიციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე. წარმატებულები არიან იმიტომ, რომ ისინი ბანკებთან და სხვა საკრედიტო ინსტიტუტებთან შედარებით უფრო ახლოს არიან კლიენტთან. გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებენ. ასევე მიდიან გაცილებით უფრო მაღალ რისკებზე, ვიდრე კომერციული ბანკები. შესაბამისად, იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური განვითარების დონე, ასევე ბაზრის ტრანსპარენტულობა საკმაოდ დაბალია, მიკროსაფინანსოებს უჩნდებათ მაღალი შემოსავლების მიღების დიდი შესაძლებლობები.

ექსპერტულ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ მისო-ების ფინანსური მაჩვენებლების სწრაფი ზრდა გამოწვეულია მიკროკრედიტის, როგორც კატეგორიის მაღალი ზედა ზღვრით. ცალკეული სპეციალისტი მიიჩნევს, რომ 50 000 ლარიანი ლიმიტი, რომლის ზემოთაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სესხის გაცემა ეკრძალებათ, ძალიან მაღალია, გაეროს მეთოდოლოგიით იგი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის სამმაგ მოცულობას არ უნდა აღემატებოდეს. ამ მეთოდოლოგიით მიკროკრედიტის ზედა ზღვარი 17 400 ლარი იქნებოდა და ამ პირობებში სექტორის ზრდა ვერ იქნებოდა ისეთი მაღალი, როგორც დღეს არის.

როგორც ჩანს, ამ სექტორისადმი მაღალ ინტერესს მისი მოქნილობა, რენტაბელობა და მაღალი მარჟა განაპირობებს, რომელიც საპროცენტო განაკვეთებზეა დამოკიდებული.

პროდუქტები და განაკვეთები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბაზარს საკრედიტო პროდუქტების თვალსაზრისით ყველა იმ კატეგორიის კრედიტებს სთავაზობს, რასაც კომერციული ბანკები. მისო-ები დღეისათვის კლიენტებს სთავაზობენ იპოთეკური სესხებს, ავტო სესხებს, აგრო სესხებს, ბიზნეს სესხებს, სალომბარდო სესხებს და სამომხმარებლო სესხებს. სასესხო პროდუქტებს უკვე საკრედიტო ბარათებიც დაემატა და მისო-ები მას კლიენტებს უახლოეს მომავალში შესთავაზებენ.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს. სარგებლის განაკვეთი ამ სექტორში საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ავტოსესხებზე და სალომბარდო სესხებზე. ეროვნული ბანკის მიერ არ წარმოებს მიკროსაფინანსო სექტორის შესახებ ისეთი სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება, როგორიც საბანკო სექტორის შესახებ მზადდება. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკა საპროცენტო განაკვეთების შესახებ არ არსებობს. მაგრამ, ბაზრის მოთამაშეების მიერ შემოთავაზებული პირობების გაანალიზებით შესაძლებელია საშუალო საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა. ამ მხრივ ბაზარზე შემდეგი ვითარებაა:



როგორც ვხედავთ, საპროცენტო განაკვეთები ცალკეული პროდუქტების მიხედვით 18-დან 72%-მდე მერყეობს. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ მხრივ საინტერესოა რა ვითარებაა სხვა ქვეყნებში.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ეცბ) ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ ევროპულ სახელმწიფოებში მიკროკრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაცილებიტ დაბალია, ვიდრე საქართველოში. 2013 წლის ივლისის მდგომარეობით ეცბ შემდეგ მონაცემებს აქვეყნებს: ბულგარეთი - საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.07%, ფინეთი - 1.18%, ჩეხეთი - 2.68%, ესტონეთი - 2.65%, უნგრეთი - 7.0%, ლატვია - 2.71%, ლიტვა - 3.15%, რუმინეთი - 9.02%, პოლონეთი - 4.9%, სლოვენია - 4.1% და ა.შ.

მაღალ საპროცენტო განაკვეთებს სექტორის წარმომადგენლები მოზიდული რესურსის სიძვირით ხსნიან. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კერძო პირების შენატანებზე და ბანკებიდან აღებულ სესხებზე მუშაობენ. სწორედ ამ ფულის ფასი განაპირობებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ სასესხო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთს. ძირითადად, ის განაკვეთი, რომელშიც მიკროსაფინანსოები იზიდავენ ზემოთ ხსენებული წყაროებიდან ფულს მერყეობს 14%-დან 24%-მდე.

საკანონმდებლო ცვლილებები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ ლიბერალურ გარემოში ფუნქციონირებან. ბანკებისგან განსხვავებით მათი საქმიალობა, ფაქტობრივად არ რეგულირდება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება შევიდა. ერთ-ერთი მათგანი ეხება მისო-ებისთვის საკრედიტო ბარეთების გამოშვების უფლების მინიჭებას. 2013 წლის 6 მარტს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მისო-ებისთვის ნებადართულ საქმიანობის ნუსას დაემატა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემის მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ასევე შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა. შედეგად რეფინანსირების 2%-იანი ზღვარი დაწესდა.
ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ როგორც ექსპერტები, ისე თავად სექტორის წარმომადგენლები. მათი შეფასებით ეს კონკურენციას გაამძაფრებს, რაც საპროცენტო განაკვეთების შემცირებამდე მიგვიყვანს.

გაგრძელდება თუ არა ცვლილებები კანონში, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, სექტორის ზრდის ტემპებიდან და მასშტაბების ზრდიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მომავალში საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მიმართ ინტერესი გაიზრდება. „ქართული კრედიტის“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ რეგულირების გამკაცრება მიმართული უნდა იყოს კორპორატიული დისციპლინის ამაღლებისკენ, რაც ზოგადად პოზიტიური იქნება ბაზრისთვის.,,ბი. აი. ჯი”-ის გენერალური დირექტორი თეიმურაზ ჯაში მარეგულირებელ კანონმდებლობას დადებითად აფასებს, თუმცა მისი დახვეწის მომხრეა. „ზოგადად ცვლილებები შეტანა სასურველია კანონში, რათა სწორად მოხდეს სექტორში მომუშავე ორგანიზაცების სტატუსის და საქმიანობის განსაზღვრა, დღეს მიკროსაფინანსო კომპანიების უმეტესობა არ ეწევა კლასიკური გაგებით მიკროსაფინანსო საქმიანობას. ჩემი აზრით, სასურველია მოხდეს დაყოფა, ან კატეგორიების შემოღება სექტორში, ამ ცვლილებით უფრო გასაგები გახდება ინვესტორებისთვის და ასევე მომხმარელებისთვისაც, თუ რომელი მიკროსაფინანსო რა საქმიანობითაა დაკავებული, რა ტიპის კრედიტები და მომსახურება შეიძლება მიიღოს“, - აცხადებს ჯაში.

საბოლოო ჯამში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიკროსაფინანსო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია და მისი როლი ფინანსურ ბაზარზე დღითიდღე იზრდება. შესაბამისად იზრდება მარეგულირებლის ინტერესიც ამ სფეროსადმი, რაც პერიოდულად კანონმდებლობაში ცვლილებებზე აისახება. 

Комментариев нет:

Отправить комментарий