აშშ–ში „ოქროს სტანდარტის“ დაბრუნებაზე ფიქრობენ
რესპუბლიკელების პროექტი, რომელიც მომავალ კვირას უნდა იქნას მიღებული კონგრესში, შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ფედერალური სარეზერვო სისტემის აუდიტი და შეიქმნას ე.წ. „ოქროს კომისია“. აღნიშნული კომისია გადახედავს საკითხს ოქროსა და დოლარს შორის კავშირის აღდგენაზე – იუწყება გავლენიანი გამოცემა Financial Times–ი.
ფედერალური სარეზერვო სისტემა
(ფსს) უკვე მეხუთე წელია ულტრარბილ ფულად პოლიტიკას ატარებს: 2008 წლის ბოლოსთვის
რეფინანსირების განაკვეთი შემცირებული იქნა რეკორდულ მინიმუმამდე – 0-0,25
პროცენტამდე, შემდგომ ფსს–მ გაატარა რაოდენობრივი შერბილების ორი რაუნდი, რომელიც
მოიცავდა ბაზრიდან იპოთეკური და სახაზინო ობლიგაციების გამოსყიდვას, ახლა კი,
ახორციელებს პორტფელში არსებული მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციების გრძელვადიანით
ჩანაცვლების ოპერაციას. ბაზრის მონაწილეების უმრავლესობა ელოდება, რომ შემოდგომაზე
ფსს გამოაცხადებს მესამე რაუნდს. მოვლენების ამგვარი განვითარების ალბათობას არ
გამორიცხავენ ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის წევრებიც, რასაც მათი ბოლო
სხდომის გამოქვეყნებული პროტოკოლი ადასტურებს.ექსპერტების მტკიცებით ფინანსურ
სისტემაში ლიკვიდობის უპრეცედენტო მასშტაბით მომატება მნიშვნელოვნად ამცირებს
არაუზრუნველყოფილი ფულადი მასის მიმართ ნდობას. ამის დასტურად ისინი ასახელებენ
ოქროს ფასის ზრდას, რომელიც ინვესტორების თვალში მონეტარულ ფუნქციებს იძენს.
ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ულტრარბილმა პოლიტიკამ, რომელსაც ფსს ალან
გრინსპენის მეთაურობით 2003-2004 წლებში ახორციელებდა, დიდი წვლილი შეიტანა
საკრედიტო ბუშტის შექმნაში. გასული ათწლეულის დასაწყისში ერთი უნცია ოქროს ფასი
250$ იყო, გასულ წელს კი მისმა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1920 დოლარს მიაღწია.
დღეისათვის კი ოქროს ფასი ერთ უნციაზე 1668$–ს შეადგენს.ფსს–სთვის უფლებამოსილებების
შეზღუდვის და ოქროს სტანდარტის დაბრუნების ერთ–ერთი მთავარი ინიციატორი
რესპუბლიკელი რონ პოლია, რომელიც წარმომედგენელთა პალატის ფინანსური პოლიტიკის
ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. რონ პოლი განიხილებოდა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო
კანდიდატად, თუმცა შემდგომ პარტიამ მით რომნი წარადგინა. რონ პოლი 30 წელზე მეტია
ფედერალური სარეზერვო სისტემის (ფსს) ლიკვიდაციისთვის იბრძვის, მისი წიგნი End the
Fed, რომელიც 2009 წელს იქნა გამოცემული, ბესტსელერების სიაში შევიდა.
რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ფსს–ს აუდიტის შესახებ უკვე მიიღო
წარმომადგენელთა პალატამ (თუმცა სენატი ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდება).
წინასაარჩევნო კამპანიის დროს რონ პოლმა ამ პოზიციით ბევრი მიმდევარი შეიძინა.„ფსს–ს შესაძლებლობა, ბეჭდოს ფული,
არღვევს კონსტიტუციას“, – ამტკიცებენ რესპუბლიკელები. მათი აზრით
არაუზრუნველყოფილი ქაღალდის ფული საფრთხეს უქმნის ცივილიზაციას, აძლევს რა
ხელისუფლებას საშუალებას დააფინანსოს ომები, „გაბეროს ბუშტები“ და მოახდინოს
ფინანსური კრიზისის პროვოცირება.არაუზრუნველყოფილი
ფულის ეპოქა 1971 წელს დაიწყო, როდესაც ბრეტონ–ვუდსის სავალუტო სისტემამ არსებობა
შეწყვიტა. ეს სისტემა 1944 წელს აშშ–ს და 44 მოკავშირე სახელმწიფოს მიერ იქნა
შემოღებული, რომლებიც მხარს უჭერდნენ ფიქსირებული კურსით თავიანთი ვალუტების
ამერიკულ დოლარში კონვერტაციას. თავის მხრივ, აშშ უზრუნველყოფდა უცხო ქვეყნების
ცენტრალური ბანკებისთვის დოლარის გარანტირებულ კონვერტაციას ოქროში, ერთ უნციაზე
35$ პროპორციით. თუმცა, მოგვიანებით, საბიუჯეტო და სავაჭრო დეფიციტის ზრდის გამო,
რამაც მიმიქცევაში ფულადი საშუალებების (დოლარის) მასის ზრდა გამოიწვია, აშშ–მ
დოლარების ოქროზე გადაცვლაზე უარი განაცხადა, უკვე 1970 წლისთვის აშშ–ს ფულადი
მასის მხოლოდ 22% იყო ოქროთი უზრუნველყოფილი. ამის შემდგომ, ქვეყნები შეთანხმდნენ
მცურავი სავალუტო კურსის შემოღებაზე. „მსოფლიომ შეაბიჯა არაუზრუნველყოფილი
ქაღალდის ფულის ეპოქაში, შეიქმნა ნდობაზე დამყარებული ფულადი სისტემა“, – აცხადებს
Stockcube
Research–ის დირექტორი და საინვესტიციო ბიულეტენის Fullermoney–ის გამომცემელი დევიდ ფულერი.
„რესპუბლიკურ
პარტიაში და მთლიანად ამერიკაში უფრო ნათლად ესმით, რომ ჩვენ ვერ დავუბრუნდებით
აყვავების ხანას უფრო მეტი და მეტი ფულის ბეჭდვით“, – ამბობს კონსერვატიული
ორგანიზაციის American Principles Project–ის თავმჯდომარე შონ ფილერი, რომელიც „ოქროს სტანდარტის“ აღდგენის იდეით
გამოდის. კომისიას, რომლის შექმნასაც რესპუბლიკელები გვთავაზობენ, შეეძლება მხოლოდ
რეკომენდაციების მიცემა, თუმცა ფილერი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც კი კომისია
პოლიტიკოსებს და საზოგადოებას ნათლად დაანახებს, თუ რა სარგებლის მომტანია „ოქროს
სტანდარტი“.
დევიდ ფულერი კი თვლის, რომ ბოლო
ათწლეულის მანძილზე ოქროს ფასის ასეთი ზრდა სწორედ ინვესტორების და რიგითი
ობივატელების თვალში ამ მეტალის
მონეტარიზაციით აიხსნება, მაგრამ „ოქროს სტანდარტის“ დაბრუნებას ფულერი სკეპტიკურად
აფასებს, ვინაიდან გაურკვეველია რა კურსით უნდა მიებას დოლარი ოქროს. ფულერის
აზრით, ასევე შეუძლებელი იქნება მოლაპარაკება იმ ფაქტზე, რომ ახალ სისტემაში
მონაწილეობდეს ყველა ქვეყანა, ხოლო ოქროს სტანდარტი კი მხოლოდ ერთ ქვეყანაში,
აშშ–ში, ან ქვეყანათა ჯგუფში იქნას გატარებული, დიდია ალბათობა, რომ ვერ მოხდეს
შეთანხმება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლების მტრუდალ არიან
განწყობილი აშშ–ს მიმართ, საბოლოო ჯამში ეს ძირს გამოუთხრის მსგავსი შეთანხმების
მიღწევას.ფედერალური სარეზერვო სისტემის
მიერ ფულის შეუზღუდავი ბეჭდვის ასევე ერთ–ერთი ნეგატიური მხარე – ინფლაციის
„აფეთქება“, რომლის თავიდან აცილებაც უკვე შეუძლებელია, ფსს–ს კრიტიკის კიდევ ერთი
მთავარი საფუძველია. თუმცა, ჯერ–ჯერებით ინფლაცია დაბალ დონეზეა.„ოქროს სტანდარტის“ იდეის
მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ სტანდარტის დანერგვა ცენტრალურ ბანკებს
წაართმევს შესაძლებლობას შეარბილონ შოკების ზემოქმედება ეკონომიკაზე.შეგახსენებთ, 1980 წელს 70–იანი
წლების მაღალი ინფლაციის შემდეგ, რესპუბლიკელების პროგრამაში საუბარი იყო „ღირსეული
ნდობის ფულადი სტანდარტის აღდგენაზე“, 1984 წელს საუბრები იყო, რომ „ოქროს
სტანდარტი შეიძლებოდა ყოფილიყო სასარგებლო მექანიზმი“. შემდგომ, „ოქროს სტანდარტი“
არავის გახსენებია. 1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა შექმნა კომისია,
რომელიც რესპუბლიკელების ახლანდელი ინიციატივის თითქმის ანალოგი იყო, თუმცა,
რეალურად, ეს კომისია აღმოჩნდა არსებული ფულადი სისტემის სტატუს–ქვოს შენარჩუნების
ხელშემწყობი.
რესპუბლიკელების პროექტი, რომელიც მომავალ კვირას უნდა იქნას მიღებული კონგრესში, შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ფედერალური სარეზერვო სისტემის აუდიტი და შეიქმნას ე.წ. „ოქროს კომისია“. აღნიშნული კომისია გადახედავს საკითხს ოქროსა და დოლარს შორის კავშირის აღდგენაზე – იუწყება გავლენიანი გამოცემა Financial Times–ი.
Комментариев нет:
Отправить комментарий